აღმოსავლეთ საქართველოში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

წარმომადგენლობის

განცხადება

 

            2017 წლის  პირველ  თებერვალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის მოსმენისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა, კერძოდ „აფხაზთა კრების“ განცხადებასთან დაკავშირებით თავს ვალდებულად ვთვლით

გ ა ნ ვ ა ც ხ ა დ ო თ

აფხაზეთის ა.რ. ხელისუფლება და მისი სტრუქტურული ერთეულები სრულად ფლობენ დევნილთა მდგომარეობის  ამსახველ ინფორმაციას და პირველივე დღიდან თავისი კომპეტენციის  და შესაძლებლობის ფარგლებში ჩართული არიან მათი პრობლემების მოგვარებაში. სამწუხაროდ ჩვენს ხელთ არსებული მწირი მატერიალური რესურსები ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სრულად გადავჭრათ დევნილ თანამემამულეთა წინაშე წამოჭრილი სოციალური პრობლემები.

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ქსოვრელის ქუჩა N2-ში მე-14 საჯარო სკოლის ეზოში მდებარე შენობაში მცხოვრებ დევნილთა მდგომარეობას, რომლის შესახებაც გაჟღერდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ვადასტურებთ ინფორმაციას ამ ობიექტში მცხოვრები, თვითნებურად შეჭრილთა (დევნილი – 13 ოჯახი და არადევნილი -18 ოჯახი) გაუსაძლისი ყოფითი პირობებისა და შენობის მძიმე მდგომარეობის შესახებ.  ჩვენდა საუბედუროდ ასეთი ობიექტები ჯერ კიდევ მრავლადაა. ჩვენ გვაქვს სისტემატური კონტაქტები იქ მცხოვრებ  თანამემამულეებთან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ვცდილობთ გავუწიოთ დახმარება.

სამწუხაროდ ზოგიერთი პოლიტიკოსი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები  დევნილი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის სპეკულირებით ცდილობენ საზოგადოებას მოევლინონ მათი გაჭირვების ქომაგებად  და ემოციაზე გათვლილი პიარკომპანიებით ცდილობენ ანტისამთავრობო ნეგატიური განწყობის შექმნას. ჩვენ ვგმობთ ანალოგიურ დესტრუქციულ  ქმედებებს, მხოლოდ უსაფუძვლო კრიტიკაზე აგებული ბრალდებები ხელს ვერ შეუწყობს არსებული პრობლემების მოგვარებას.